15 აპრილს, რომში, კოლოსეუმში პაპმა ფრანცისკემ „ჯვრის გზის“ მსვლელობა ჩაატარა, რომლის დროსაც რუს და უკრაინელ ქალებს ჯვარი ერთად ეჭირათ. შერიგების ნაჩქარევ ჟესტს უკრაინელები "გაუგებარსა" და "არაადეკვატურს" უწოდებენ.
მსვლელობა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანში უკრაინის ელჩის ანდრეი იურაშას კრიტიკის მიუხედავად მაინც ჩატარდა.
„ქალები იტალიაში 20 წელია ცხოვრობენ და ერთად მუშაობენ პალიატიური დახმარების განყოფილებაში, სადაც ის პაციენტები გადაჰყავთ, ვისაც არაფერი აღარ ეშველებათ“, - განაცხადეს „რადიო ვატიკანში“.
პანდემიის გამო, უკვე ორი წელია, ცერემონია Via Crucis არ ჩატარებულა. წელს, მონაწილეებს შორის იყვნენ მისიონერების ოჯახის წევრებიც. ღონისძიებას რომში 10 000 მომლოცველი ესწრებოდა.
10 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო შერიგების მოწოდებით გამოვიდა. „გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახლა დატენოთ შეიარაღება და ისევ ბრძოლა დაიწყოთ. არა. შერიგდით, რომ მიხვიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით და ასევე, იყავით მზად გარკვეულ მსხვერპლზეც ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
რომის პაპი: სასტიკი და უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს
რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“
რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს